საუკეთესო თავდაცვა სიცხადე და გამბედაობაა - ზურაბიშვილი ზელენსკის განცხადებაზე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე გაავრცელა განცხადება, სადაც უკმაყოფილებას გამოთქვამდა მოკავშირეების მიმართ იმის გამო, რომ უკრაინისთვის არ არსებობს ნატოში მიწვევის და წევრობის ვადები.
„ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს ფორმულირება ეხება მიწვევას და არა წევრობას“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე.
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა ნატოს 2-დღიანი სამიტი. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი დახმარება და უსაფრთხოების გარანტიებია.
სამიტის წინ, კიევმა ნატოს არაერთხელ მოუწოდა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ნატოში ოფიციალურად მიიწვიონ და დაადასტურონ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.