ზელენსკი ნატოელ პარტნიორებს აკრიტიკებს უკრაინაზე უკრაინის გარეშე მსჯელობის გამო
„ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს ფორმულირება ეხება მიწვევას და არა წევრობას“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ არ არსებობს ნატოში უკრაინის მიწვევის და წევრობის არანაირი ვადა და ამის ნაცვლად დამატებულია უცნაური ფორმულირება მიწვევის პირობების შესახებ. ზელენსკის განცხადებით, როგორც ჩანს, არ არსებობს არც ნატოში უკრაინის მიწვევის და არც წევრად მიღების მზადყოფნა, რაც ნიშნავს, რომ რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის წევრობით ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს კი რუსეთისთვის ნიშნავს მოტივაციას ტერორის გასაგრძელებლად. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ ამ ყველაფერზე სამიტზე ღიად ილაპარაკებს.
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა ნატოს 2-დღიანი სამიტი. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი დახმარება და უსაფრთხოების გარანტიებია.
სამიტის წინ, კიევმა ნატოს არაერთხელ მოუწოდა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ნატოში ოფიციალურად მიიწვიონ და დაადასტურონ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.