ყასიმ-ჟომართ ტოკაევი ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივაზე: ვაფასებ მის ხუმრობას
„ყაზახეთი არ საჭიროებს რუსეთისა და ბელარუსის კავშირში გაწევრიანებას და ასევე, არ სჭირდება ბირთვული იარაღი“, – ამ განცხადებით ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოკაევი გამოეხმაურა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივას, რომელმაც აღნიშნა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის კავშირს და თავის ქვეყანაში რუსეთის ბირთვული იარაღი განათავსოს.
„ცოტა ხნის წინ ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შესთავაზა ყაზახეთს გაწევრიანებულიყო საკავშირო სახელმწიფოში. ვაფასებ მის ხუმრობას. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არის, რამდენადაც არსებობს სხვა ინტეგრაციული გაერთიანებები, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ის ჩვენ არ გვჭირდება, რამდენადაც ჩვენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებისა და ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმებების წევრი ვართ. ჩვენ ვრჩებით ამ საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული“, – აღნიშნა ტოკაევმა.