პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ... სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს. არ ვიცი, სიჯიუტეს პრინციპულობას ეძახით?! - პრეზიდენტი პრინციპული ნამდვილად არის", - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
მან გაიხსენა ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა პრეზიდენტის კრიტიკას, მისი შეფასებით, "სახის დაკარგვით" უპასუხეს:
"თუ პრეზიდენტის კრიტიკა სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, ისე არ უნდა უპასუხონ, როგორც 26 მაისს. ჩემთვის პირადად, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში გააჩნდა. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილს ვგულისხმობ".
დღეს, 29 მაისს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" სახელით განცხადება გავრცელდა, რომელშიც ეწერა, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლები "უარყოფითად აღიქმება და ფასდება" და "ამგვარ აღქმასა და შეფასებას აქვს მყარი ობიექტური საფუძველი".
"სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ...
ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან", - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საქართველომ დაიწყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მუშაობა, საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა. ერთ-ერთი ბოლო ამგვარი შემთხვევა იყო 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა მისი მიმართვის დროს ისმოდა შეძახილი, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო პარლამენტის წევრი ირკლი ქადაგიშვილი.
"სიტყვა "მოღალატე" არ თქმულა... შეიძლება ვიღაცამ თქვა ეგეთი, მაგრამ მე არ მითქვამს და არც გამიგია... მე გავაპროტესტე, მაგრამ ეგ სიტყვა არ მითქვამს", - აღნიშნა პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.