მამუკა მამულაშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა
2014 წელს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დონბასელმა სეპარატისტებმა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება წამოიწყეს, მამუკა მამულაშვილმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად უკრაინაში მოხალისეთა რაზმი „ქართული ლეგიონი“ შექმნა.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან „ქართულ ლეგიონი“ იბრძვის რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ, მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ემატებიან პროფესიონალები.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, მართლმადიდებლური სამყაროს სასულიერო ცენტრის უმაღლესმა სასულიერო პირმა, 2019 წლის იანვარში ავტოკეფალიის მოწმობა - ტომოსი, მიანიჭა უკრაინის დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიას (ПЦУ), რომელიც მანამდე ოფიციალურად არ იყო აღიარებული არც ერთი ავტოკეფალიური ეკლესიის მიერ. ახალმა დამოუკიდებელმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის ხელმძღვანელად აირჩია მიტროპოლიტი ეპიფანე.
2019 წლის 12 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკლესია წყვეტს ურთიერთობას საბერძნეთის იმ იერარქებთან, რომლებმაც უკრაინის ეკლესია აღიარეს.
საქართველოს საპატრიარქოს ПЦУ-ს ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია.