ეს რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის პოტენციურად თავის არიდების სივრცეს ქმნის - კოლომინა ფრენების აღდგენაზე
"ზოგიერთი რეაქცია, რომელსაც ვხედავდით ბოლო დღეებში მას შემდეგ, რაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო მიღებული რუსეთის მხრიდან აღდგენილიყო ფრენები საქართველოსთან, შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის. მე გადავეცი გზავნილი თქვენს ხელისუფლებას".
კოლომინამ განმარტა, რომ მათი შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაგირებას, რაც ზოგიერთი პარლამენტის წევრის მხრიდან და მთავრობის წევრის მხრიდან მოისმინეს:
"ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის მხრიდან ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება. ჩვენი შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაგირებას, რაც მოვისმინეთ ზოგიერთი პარლამენტის წევრის მხრიდან და მთავრობის წევრის მხრიდან. უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება ყველა ჩვენგანის პრიორიტეტია, მაგრამ აგრეთვე, ეს რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის პოტენციურად თავის არიდების სივრცეს ქმნის.
ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ხელისუფლებასთან სანქციების თავიდან არიდების სამუშაოებზე. ძალიან კარგი სამუშაო ჩატარდა მრავალი ასპექტით, მაგრამ ესაა ის რეაქცია, რაც ვნახეთ - ეს ჩრდილს აყენებს რუსეთის პოტენციალს, რათა აქ იპოვოს სივრცე სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ასე არ უნდა მოხდეს და მოვუწოდებ თქვენს ხელისუფლებას, შესაბამისი ზომები მიიღოს ამის თავიდან ასარიდებლად".
მანვე აღნიშნა, რომ არსებობს რეფორმები, რაც უნდა განახორციელოს საქართველომ და არსებობს, ასევე შეშფოთება რეფორმების ხარისხის, მისი რიტმისა და ზოგჯერ შინაარსის მიმართაც. ამ კონტექსტში მან გაიხსენა საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რასაც მმართველი პარტია უჭერდა მხარს. ეს კანონპროექტი, მარტში გამართული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ პარლამენტმა უკან გაიწვია.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მეორე დღეა საქართველოში შეხვედრებს მართავს. ის საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა. კოლომინა ორბელიანების სასახლეში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ხავიერ კოლომინას შეხვედრები ჰქონდა ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან.