კოლომინა: შეშფოთება გამოვთქვი საქართველში რეფორმების განხორციელების დონისა და ტემპის გამო
"მე გადავეცი შეშფოთება რეფორმების ტემპის და არამხოლოდ ტემპის, არამედ, ზოგიერთი რეფორმის შინაარსის გამოც. ასევე, ძალიან ნათლად გავაჟღერე შეშფოთება "უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის" გამო. ჩვენი აზრით, ეს კანონი დემოკრატიულ სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა, რაც ჩვენს პარტნიორებს, როგორიც საქართველოა, უნდა გააჩნდეთ.
მე გამოვთქვი შეშფოთება რეფორმების განხორციელების დონის გამო. ეს, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და ცესკოსთან დაკავშირებით, საარჩევნო რეფორმებს ეხება. ასევე, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით რეფორმები შეშფოთების საგანს წარმოადგენს ჩვენთვის".
კოლომინას თქმით, შეხვედრების დროს, ასევე გააჟღერა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, "რაც უმაღლესი პრიორიტეტია". მისივე ცნობით, ეს თემა იქნება პრიორიტეტი ვილნიუსის სამიტისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება.
"ჩვენ პარტნიორებისგან, ძალიან ღირებული პარტნიორებისგან, როგორცაა საქართველო, ველით, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად", - თქვა მან.
პრესკონფერენციაზე ხავიერ კოლომინამ, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების] რეაქცია "შემაშფოთებელი" იყო.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მეორე დღეა საქართველოში შეხვედრებს მართავს. ის საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა. კოლომინა ორბელიანების სასახლეში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ხავიერ კოლომინას შეხვედრები ჰქონდა ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან.