იენს სტოლტენბერგი: F-16-ებზე უკრაინელების წვრთნა ნატოს არ აქცევს კონფლიქტის მხარედ
„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება... ჩვენ უკრაინას ამ უფლების დაცვაში ვეხმარებით,“ უთხრა მან ჟურნალისტებს. „ეს ნატოსა და ნატოელ მოკავშირეებს არ აქცევს კონფლიქტის მხარედ“.
გუშინ რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატმა თქვა, რომ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემა კონფლიქტში ნატოს როლის საკითხს დააყენებს.
„უკრაინაში F-16-ის ექსპლუატაციის ინფრასტრუქტურა არ მოიპოვება და არც პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის საჭირო რაოდენობაა. რა მოხდება, თუ ამერიკული გამანადგურებლები აფრინდებიან უცხოელი ‘მოხალისეების’ მიერ კონტროლირებადი ნატოს აეროდრომებიდან?“ - ამის შესახებ შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა, დაწერა საელჩოს ტელეგრამის არხზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 მაისს მხარი დაუჭირა F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამებს. გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ დათანხმდა, მისმა პარტნიორებმა უკრაინას მიაწოდონ თანამედროვე ამერიკული შეიარაღება, მათ შორის F-16 გამანადგურებლები. როგორც თეთრმა სახლმა გამოაცხადა კვირას, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თავად აშშ მიაწვდის თუ არა უკრაინას F-16-ებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში არ ეთანხმებოდა უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. გარდა ამისა, ვაშინგტონის პოზიციის გამო, ევროპის ქვეყნები F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებასაც კი ვერ ახერხებდნენ.
როგორც შენიშნავენ, თვითმფრინავების მიწოდების ვადები შეიძლება არ იყოს ისეთი მოკლე, როგორც ამას უკრაინა მოელის. პოტენციურ მიმწოდებლებს - უპირველეს ყოვლისა F-16-ების მქონე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, როგორებიცაა ნიდერლანდი, დანია, ნორვეგია და პოლონეთი - დრო სჭირდებათ თავიანთი არსენალის შესამოწმებლად, ასევე რესურსები - უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად.