პრიგოჟინი: "ვაგნერი" მიიღებს იარაღს ბახმუტისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად
ტელეგრამით გავრცელებულ პრიგოჟინის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "ვაგნერსა" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შუამავალი იქნება გენერალი სერგეი სუროვიკინი, არმიის გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილე.
მანამდე პრიგოჟინი იუწყებოდა, რომ "ვაგნერის" კერძო მებრძოლები 10 მაისის შემდეგ ბახმუტს დატოვებდნენ საბრძოლო მასალების ნაკლებობის გამო. ამაში ის ბრალს სდებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, პირადად მინისტრს, სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს.
არმიის მეთაურთა მიმართ მკვეთრი გამონათქვამების შემცველი ვიდეომიმარვა პრიგოჟინმა ჩაწერა რამდენიმე ათეული გვამის ფონზე და თქვა, რომ ესენი იყვნენ ბახმუტში მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში დაღუპული "ვაგნერის" მებრძოლები.
6 მაისს, საღამოს, პრიგოჟინმა გამოაქვეყნა დეტალური ტექსტი "ვაგნერის" და თავდაცვის სამინისტროს კონფლიქტის შესახებ. ტექსტში აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს ქმედებების გამო "ვაგნერი" დიდ დანაკარგს განიცდიდა.
ამის პასუხად ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზად კადიროვმა საომარი სუბორდინაციის ფარგლებში პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა და წერილობით მოითხოვა ბახმუტში ჩეჩნური სპეცრაზმის, "ახმატის" გადაყვანა.
ბახმუტი უკრაინის აღმოსავლეთში მდებარეობს და მისთვის უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლა.