ზელენსკიმ უკრაინელი მესაზღვრეები შეაქო, კონტრშეტევის დაწყების სულ უფრო მეტი ნიშანი ჩნდება
ამ ფონზე რუსეთმა უკრაინის არმიის მოსალოდნელი კონტრიერიშის წინ გამოცვალა თავისი უმაღლესი დონის გენერალი, რომელიც ლოგისტიკისთვისაა პასუხისმგებელი. 30 აპრილს ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო უკრაინაში მესაზღვრის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში, ჯილდოები გადასცა მესაზღვრეებს და მადლობა გადაუხადა მათ სახელმწიფოს მედგარი დაცვისთვის.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ უკრაინის მესაზღვრის დღე, მტკიცე და უდრეკი უკრაინელი მესაზღვრისა“ - თქვა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მესაზღვრეთა ქვედანაყოფები იბრძვიან ბახმუტის, ავდეევკის, მარინკას და დონბასის სხვა ქალაქების დასაცავად, და თქვა, რომ წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა.
ამ დროს უკრაინის ლიდერები განაგრძობენ მინიშნებების გაკეთებას, რომ კონტრშეტევის მომზადება სრული სვლით მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს მეთაურმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა 30 აპრილს, რომ კონტრშეტევისთვის მზადება „გეგმის თანახმად“ მიმდინარეობს. მას დეტალები არ გაუმხელია, მაგრამ უფრო ადრე, უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების წარმომადგენელმა, ნატალია ჰუმენიუკმა ნავთობის ბაზაზე თავდასხმას რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში - კონტრშეტევისთვის კიევის მზადების ელემენტი უწოდა.