“თუ ხალხი ვართ მზად იმისათვის, რომ გავუძლოთ ბრძოლას, მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა” – აქციის მონაწილეებმა ახალი მოთხოვნები გააჟღერეს
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
„თუ ხალხი ვართ მზად იმისათვის, რომ გავუძლოთ ბრძოლას, მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა. მშვიდობიანად, არავითარ შემთხვევაში არცერთი არ გავიდეთ კონსტიტუციური მოვალეობებისგან. ჩვენ არ დავარღვევთ კანონს. ჩვენ არავის არ ვერჩით, მათ შორის არც ადამიანებს, რომლებიც გვაკავებენ, წყლის ჭავლით გვასველებენ და ცრემლსადენი გაზით გვატირებენ. მოვითხოვოთ ამ ხელისუფლების გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ვეტერანმა მებრძოლმა ბესო გაზდელიანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოსა და „ხალხის ძალის“ ერთობლივი განცხადების მიხედვით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.
პროტესტი „ხალხის ძალის“ მიერ ორი კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ე.წ. ამერიკულ ვერსიად მოხსენიებული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ინიცირებას მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ეს რეალურად 2012 წელს, რუსეთში მიღებული კანონის ანალოგი იყო და ისევე შეზღუდავდა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, როგორც ეს რუსეთში მოხდა.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც კანონპროექტის ერთი ვერსია პირველი მოსმენით მიიღეს, პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რის პარალელურადაც, სხვადასხვა სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა ღიად დაგმო კანონპროექტები.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ორივე კანონპროექტს ვეტოს დაადებდა.
სამართალდამცველებმა საპროტესტო გამომსვლელების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს როგორც 7, ისე 8 მარტს. ბოლო 2 დღეში აქციაზე შსს-მ ჯამში 133 ადამიანი დააკავა. მათ შორის, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ახლად არჩეული სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ, რაც სავარაუდოდ, დაკავების პროცესში, სამართალდამცველების მხრიდან მიადგათ.
8 მარტს, ასევე მთელი ღამის განმავლობაში დაპირისპირება და ხმაური იყო პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიან აქციაზე, რომლის მონაწილეების წინააღმდეგაც სამართალდამცველებმა ისევ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. ხოლო, შსს-ის ცნობით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები და ხის ძელები დაუშინეს, რის შედეგადადაც, დაშავდა 10-მდე სამართალდამცავი, დაზიანდა ავტომობილები, ინფრასტრუქტურა და ასევე, ჩაიმტვრა პარლამენტის შენობის მინები.
პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საპატრიარქოც.
კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, ევროპარლამენტის, ნატოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, Freedom House-ის, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა. 8-9 მარტის აქციები ასევე მოხვდა ყველა გავლენიანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში.
9 მარტს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ და „ხალხის ძალამ“ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაეწვიათ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.