ირაკლი კობახიძე: სახელმწიფომ და სამართალდამცველებმა ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენეს
„კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რა იყო გეგმა და რა იყო მიზანი. რა თქმა უნდა, ამას ისინი ვერასდროს ვერ განახორციელებენ, მაგრამ მათ აქვთ გარკვეული რესურსი, რომ რისკის ქვეშ დააყენონ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით, მაგრამ მათი ბუნება ეს არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აქციის გეგმებზე გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავდება, რადგან სახელმწიფომ 7-8 მარტს გამართულ აქციებზე ჰუმანურობა გამოიჩინა.
„მათ შეუძლიათ, ძალიან მარტივად გაწირონ ნებისმიერი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ასეთი იყვნენ ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] ხელისუფლების დროს და ასეთები არიან ისინი ახლაც. ჩვენ ვართ აბსოლუტურად განსხვავებული, რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინწინ, როდესაც ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ, მათ შორის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გაიწვია.