მმართველი პარტია ვერავის გაათავისუფლებს - კობახიძე დაკავებული დემონსტრანტების შესახებ
9 მარტს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, აქციაზე დაკავებული 133 დემონსტრანტის გათავისუფლებაა.
„მმართველი პარტია ვერავის ვერ გაათავისუფლებს და ვერც დაიჭერს. რაც შეეხება უწყებებს, ეს არის მათი საქმე და უწყებები მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად. რაც იქნება გათვალისწინებული კანონით, გაკეთდება ზუსტად ის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „7, 8 და 9 მარტს უწყების თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირია დაკავებული".
საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.