პროტესტი რამდენიმე ადგილას გაიშალა - რუსთაველზე სპეცრაზმი მეორედ ცდილობს შეკრებილი მოქალაქეების დაშლას
დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველიდან ჩავიდა პრეზიდენტის სასახლესთან, ორბელიანის მოედანთან. მოქალაქეების ნაწილმა გმირთა მოედანზეც გადაინაცვლა.
პროტესტის კერების გაშლის პარალელურად, დემონსტრანტები ფაქტობრივად მეორედ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ერთხელ სცადა ამ ქუჩის გაწმენდა - ამ დროისთვის პარლამენტის წინ კვლავ ათასობით ადამიანია მობილიზებული, რომელიც წინ უდგას სპეცდანიშნულების რაზმებს და სპეცტექნიკას. მათი ნაწილი სკანდირებს "საქართველო, საქართველო"-ს, ნაწილი კი ცდილობს პოლიციის თანამშრომლების იმაში დარწმუნებას, რომ არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
რუსთაველის გამზირზე უკვე ნახევარ საათზე მეტია ისმის სირენების ხმა - ახალგაზრდები ამ ხმაზე ცეკვავენ.