როგორ გავხდეთ უკეთესი მსმენელი
მნიშვნელობა არ აქვს, რას შეეხება თქვენი სასაუბრო თემა, ფეხბურთს, ფილმებს, მუსიკას, მენტალურ ჯანმრთელობას, თუ გსურთ, რომ დიალოგი სასიამოვნო და საინტერესო იყოს, მაშინ უნდა იცოდეთ, რაში მდგომარეობს მოსმენის კულტურა. შესაძლოა, თემა მძიმე და რთული იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ფლობდეთ უნარებს, რომელიც სწორი და ჯანსაღი საზღვრების გავლებაში დაგეხმარებათ.
პირველ რიგში, თუ გინდათ, რომ საუბარი კომფორტულიც იყოს და მნიშვნელობაც ჰქონდეს, მაშინ უნდა ეცადოთ ადამიანს შეუქმნათ მეგობრული და სანდო გარემო. მოკალათდით ისეთ ადგილას, სადაც თავს უხერხულად არ იგრძნობთ და გარემო თქვენთვის შესაფერისი იქნება. თუ გრძნობთ, რომ ამ პიროვნებას სურს ემოციები გაგიზიაროთ, აჩვენეთ, რომ შეუძლია გენდოთ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რასაც საუბრის დროს ვუშვებთ არის ის, რომ არ ვრჩებით აწმყოში და მუდმივად ვცდილობთ ვიფიქროთ პასუხებზე. ვისმენთ იმისთვის, რომ ვუპასუხოთ და არა იმისთვის, რომ გავუგოთ. ეს კი არასწორი მიდგომაა, როცა საქმე ადამიანის დახმარებას ეხება. დარჩით მოცემულ მომენტში, გაანალიზეთ თითოეული სიტყვა და არ იფიქროთ იმაზე თუ რის თქმას აპირებს მოსაუბრე ამის შემდეგ.
სიჩუმე უხერხული არ არის. ბევრ ადამიანს ჩუმი პაუზა აფრთხობს და ჰგონია, რომ ეს უარყოფით ემოციას ბადებს. სინამდვილეში, საჭირო სიტყვების მოძებნას ზოგჯერ დაფიქრება სჭირდება, ამიტომ მიეცით დრო როგორც თქვენს თავს, ისე სასაუბრო პარტნიორს.
არ დაისტრესოთ იმაზე სწორ კითხვას სვამთ თუ არა. რაც მეტად ეცდებით შეცდომებისთვის თავის არიდებას, უფრო ხელოვნური იქნება თქვენი რეპლიკები. ნუ გამოიყენებთ რთულ და მაღალფარდოვან სიტყვებს შთაბეჭდილების მოსახდენად, ამან შეიძლება მოსაუბრე დათრგუნოს. იყავით გულწრფელი, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ პირადი გამოცდილების გაზიარებისას. რჩევა კარგია, თუმცა სხვისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევა შეცდომაა, რადგან ის, რაც თქვენს შემთხვევაში ამართლებს, სხვისთვის შეიძლება ცუდი შედეგის მომტანი იყოს.
წყარო: healthcare.utah.edu
ფოტო: unsplash.com