მუზეუმში დაბრუნებულ რუბლოვის „სამებაზე“ 61 დაზიანება აღმოაჩინეს
სხვა მრავალ დაზიანებასთან ერთად, კომისიამ გამოავლინა, რომ საღებავის ფენა ბევრგან იყო აცვენილი. დაზიანების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს, ამიტომ ის დროულ გამაგრებას საჭიროებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გამოვლენილი დაზიანებები „ნეგატიური პროცესების მხოლოდ ნაწილია“. ეს შესაძლოა, ძველი და ფაქიზი ძეგლის არსებობას უქმნიდეს საფრთხეს. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ტაძარში სათანადო კლიმატური პირობები არ არსებობდა.
ტრეტიაკოვის გალერის თანამშრომლები თავიდანვე წინააღმდეგნი იყვნენ, რომ ხატს მუზეუმი დაეტოვებინა. ჯერ კიდევ მაისში მათ განაცხადეს, რომ ხატის შესანარჩუნებლად სათანადო კლიმატური პირობები იყო აუცილებელი. ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორობეინიკოვა კულტურის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ხატის გატანის დავალება „ზემოდან“, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღეს, რომლის ხელმძღვანელსაც, თავის მხრივ, რუსეთის პატრიარქმა დაურეკა.
სარესტავრაციო საბჭომ გადაწყვიტა ხატი ტრეტიაკოვის გალერეაში დაბრუნების ნაცვლად, საცავში დატოვონ, სანამ მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
ანდრეი რუბლოვის „წმინდა სამება“ 1929 წლამდე წმინდა სერგის სამების ლავრაში ინახებოდა. მოგვიანებით ის ტრეტიაკოვის გალერეას გადაეცა. გალერეიდან ხატი მხოლოდ ორჯერ გაიტანეს: მეორე მსოფლიო ომის დროს - ნოვოსიბირსკში ევაკუაციისთვის და პატრიარქ კირილის ინიციატივით 2022 წელს, "სერგი რადონეჟელის ნაწილების აღმოყვანების 600 წლისთავთან" დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებაზე.