"საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოა" - კინზინგერი ლუკაშენკას ვიზიტზე
"მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია", - ამბობს კონგრესმენი.
ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს წინასწარ უცნობი ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
ლუკაშენკას არაოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რეაგირება იქნება უმკაცრესი.
საქართველოს პირველმა პირებმა ლუკაშენკას არაოფიციალურ ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც პუტინისა და ლუკაშენკას პორტრეტები დაწვეს.