პუტინმა აღიარა მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები
პუტინის თქმით, მობილიზებული პირები ჩივიან გაწვევის ორგანიზებაზე, მომარაგებაზე, საყოფაცხოვრებო პირობებზე და კიდევ ბევრ რამეზე. პუტინის განცხადებით, ცალკე უნდა განიხილონ შემთხვევები, როცა გაიწვიეს მოქალაქეები, რომლებსაც სამხედრო სამსახურის გადავადება უნდა შეხებოდა. პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მობილიზაციას ექვემდებარებიან პირები, რომლებიც რეზერვში ირიცხებიან და აქვთ აუცილებელი სამხედრო სპეციალიზაცია და გამოცდილება. ამასთან, პუტინის განცხადებით, ყველამ, ვისაც სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ, დამატებითი მომზადება უნდა გაიაროს.
მანამდე როსტოვის ოლქის გუბერნატორი, ვასილი გოლუბევი ტელეგრამის არხზე აღნიშნავდა, რომ შინ დააბრუნეს ის მობილიზებული პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. კიდევ უფრო ადრე ალტაის მხარის გუბერნატორი, ვიქტორ ტომენკო იუწყებოდა შინ დაბრუნებული 59 გაწვეულის შესახებ, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ სამობილიზაციო კრიტერიუმებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრილი მისი ძალების დასახმარებლად 21 სექტემბერს გამოაცხადა მობილიზაცია. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა. ბრძანებაში მობილიზაცია განსაზღვრულია როგორც ნაწილობრივი, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ფართო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული გაწვევის საკითხზე. ვრცელდება ბევრი ცნობა, რომ უწყებებს უგზავნიან მათ შორის სამხედრო გამოცდილების არქონე პირებს და განსაზღვრულ ასაკზე უფროს პირებს.