ნიკა გვარამია: მინდა ყველამ იცოდეს, რომ …
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ციხიდან გათავისუფლდება, ქვეყანას არ დატოვებს.
მისივე თქმით, „მთავარი არხი“ მხოლოდ მას არ გაუხსნია, ამიტომ არხის დახურვაზეც დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
„როგორც გავიგე, ხმებს აცირკულირებს სუსიც და „კეთილის მსურველებიც“, რომ
– გამოვალ და წავალ საზღვარგარეთ;
– მანამდე ვერ გამოვალ, სანამ „მთავარი არხი“ არ ჩაქრება, ამიტომაც არხის ჩაქრობას ვაპირებ.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ.
„მთავარი“ არ ჩაქრება, ვისაც არ უნდა უნდოდეს ეს და რისთვისაც არ უნდა იყოს ეს საჭირო. ჩემთვის „მთავარზე“ მნიშვნელოვანი არც ვინმეა საქართველოში და არც არანაირი მიზანია მასზე აღმატებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერაფრით ვეხმარები ტელევიზიას, მაგრამ რაც კი შესაძლებელია აქედან გავაკეთო, ყველაფერს ვცდილობ.
და მთავარი – „მთავარი“ არც მარტო მე გამიხსნია და, მით უმეტეს, მარტო მე ვერ და არ დავხურავ. „მთავარი“ მაყურებლის და მისი გუნდის საკუთრებაა და არა ჩემი ან ვინმე სხვა ინდივიდის თუ ჯგუფის.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს ჩემი გათავისუფლების შემდეგ (როცა დადგება ეს მომენტი): როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოს დატოვება ნამდვილად არ შედის ამ გეგმებში. არც პასიური მეთვალყურის როლში ყოფნა“, – აცხადებს გვარამია.