დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი: რუს ტურისტებზე ვიზების გაცემა უნდა შეიზღუდოს
„უნდა შეიზღუდოს ვიზების გაცემა რუს ტურისტებზე, ეს რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მისამართით მკაფიო სიგნალი იქნება“, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდიმ განაცხადა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომს აწარმოებს.
„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა გვექნება იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მისი უკანონო და სასტიკი ომი უკრაინაში დასრულდეს, მათ შორის სანქციებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, ჰუმანიტარული დახმარებითა და უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერით. ასევე, მნიშვნელოვანია რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობის შეზღუდვის საკითხი.
დანიის პოზიცია ამ მხრივ ძალიან მკაფიოა, რუსეთი თავს ესხმის სუვერენულ ქვეყანას, უკრაინას და აწარმოებს ისეთი სისასტიკის ომს, როგორიც ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ცხადია, ამას უნდა ჰქონდეს შედეგები რუსეთისთვის ყველა მიმართულებით, მათ შორის უნდა შეიზღუდოს ვიზების გაცემა რუს ტურისტებზე. ეს რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მისამართით მკაფიო სიგნალი იქნება“, – აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.