“ეს შეუმდგარი არარაობები “მიშმადიდებლები” არიან!”
კახა გოგიძე: “საქართველოში რუსულად მოაზროვნე თაობები გაზარდეს – დიახ, ეს ხალხი რუსეთშია გაზრდილი… როცა ვამბობ, რომ შვილის მკვლელთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია, ეს ხალხი დამცინის. სწორედ ეს არის მონური აზროვნება, ეს არის “ჯაყოს ხიზნები!”
ცნობილია, რომ ნათესავებსა და მეზობლებს არ ირჩევენ… ჩვენს “დიდ მეზობელთან” – რუსეთთან ურთიერთობა ყოველთვის იყო და არის საკამათო საქართველოში. ეს არის დილემა, რომელსაც ბოლო არ უჩანს, რაც რუსთაველის თეატრის მორიგმა ვიზიტმაც დაადასტურა: თეატრმა მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში იიღო მონაწილეობა. ამ ფაქტმა ქართველ საზოგადოებაში მწვავე კამათი და დაპირისპირება გამოიწვია:
“რუსეთში არც ერთი ქართველი ხელოვანი არ უნდა წავიდეს”
კახა გოგიძე, რეჟისორი: – მე რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთობის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვარ. მნიშვნელობა არა აქვს, კულტურული იქნება, ეკონომიკური თუ სხვა რამ. საუბედუროდ, მთელი ქართული ეკონომიკა რუსეთს მიაბეს და თუ რუსები გადაწყვეტენ, რომ საზღვარი ჩაკეტონ, უარესად გავღატაკდებით. ტურიზმის მიბმაც არ შეიძლებოდა რუსეთზე. რატომ? – ერთ “მშვენიერ” დღეს პუტინი აუკრძალავს ტურისტებს აქ შემოსვლას და ჩვენი ეკონომიკა მაშინვე ჩამოიშლება. იმის გამო, რომ პროდუქცია რუსეთში ვეღარ გაიტანეს, გლეხობა გაღარიბდა. მოკლედ, რუსეთი თუ მოინდომებს, ყველაფერს იარაღად აქცევს. ისე გადაგვაჯიშეს, მარტო სახელები და გვარები გვაქვს ქართული. საქართველოშიც რუსულად მოაზროვნე თაობები გაზარდეს – დიახ, ეს ხალხი რუსეთშია გაზრდილი. ამიტომ, როცა ვამბობ, რომ რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ, ისინი ბრაზდებიან, როცა ვამბობ, რომ შვილის მკვლელთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია, ეს ხალხი დამცინის. სწორედ ეს არის მონური აზროვნება, ეს არის “ჯაყოს ხიზნები!” ვიღაც რუსეთს რომ ახსენებს, დოსტოევსკი, ჩეხოვი და რუსი ქალები ახსენდება, მე – ოთხოზორია, ანწუხელიძე, ჩვენი ნაწამები ბიჭები და წართმეული ტერიტორიები… ქართველებს მათსავით რომ ეფიქრათ, ვერც ერთ ომს ვერ მოვიგებდით. ამიტომ მათთან ნებისმიერი ურთიერთობა უნდა შეწყდეს. ქართველი მონობას ვერ ეგუება და რუსეთში არც ერთი ქართველი ხელოვანი არ უნდა წავიდეს!
“ეს შეუმდგარი არარაობები “მიშმადიდებლები” არიან!”