ქარხნები პურის მოსალოდნელ გაძვირებაზე უკვე ალაპარაკდნენ
ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას ივნისის ბოლოს ვადა ეწურება. ქარხნები პურის მოსალოდნელ გაძვირებაზე უკვე ალაპარაკდნენ.
როგორც ცნობილია, მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გასული წლის დეკემბრიდან 4 თვით (დეკემბერი-მარტი) აამოქმედა, აღნიშნული პროგრამისთვის 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული და თავდაპირველად სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე შეადგენდა 10 ლარს (მიზანი:პირველი ხარისხის ფქვილის 53 ლარად რეალიზაცია), თუმცა 4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის ფასი (67-68 ლარი) იმდენად გაიზარდა, რომ კერძო სექტორის თხოვნის საფუძველზე მთავრობას სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდა მოუწია.
შექმნილი ობიექტური რეალობიდან გამომდინარე პირველი ეტაპის ვადის გასვლის შემდეგ სუბსიდიის პროგრამა კიდევ 3 თვით გაგრძელდა. გაზრდილი კომუნალური ხარჯებისა და სუბსიდიის დღგ-თი დაბეგვრის გამო 20 ლარამდე გაიზარდა სუბსიდიის თანხაც.
იმის გამო, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე ფასი მცირედით შემცირდა და ქვეყნები ახალ მოსავალს ელიან, მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სუბსიდიის პროგრამიდან გამოსვლისთვის სახელმწიფოსთვის ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა, თუმცა არის მეორე ობიექტური რეალობაც, რამდენად შეძლებენ პურის ქარხნები პურზე ფასის შენარჩუნებას.
სანამ ფქვილის სუბსიდიის საკითხი გადაწყდება და რუსული ხორბლის ახალი ფასიც დადგინდება, პურის ქარხნები უკვე ღიად ამბობენ, რომ ვერც ბუნებრივი აირის და ვერც ფქვილის სუბსიდირებით პურზე არსებული ფასის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებენ, რადგან ფასები გაიზარდა ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც პურის თვითღირებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული მომავალი თვიდან მოქალაქეებს პური 20-25 თეთრით გაუძვირდეთ.
„პურის ქარხნები რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან. საფუარი, მარილი, შესაფუთი მასალები, დისტრიბუცია – ყველაფრის ფასი გაზრდილია. ლოგიკურია, თუ პურის ფასი არ გაიზრდება, საბოლოდ განწირული იქნება ეს ბიზნესი. შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას სუბსიდია არ შველის და სუბსიდიის თანხაც საკმარისი არ არის. 1 კილოგრამ პურზე 40-50 თეთრით აიწევს ფასი, შესაბამისად საცალო პროდუქტი 20-25 თეთრით გაძვირდება.
ვრცლად იხილეთ აქ