რუსეთის სასამართლომ უკუაგდო საჩივარი ალექსეი ნავალნის დაპატიმრების თაობაზე
28 იანვარს გამართულ სხდომაზე სასამართლომ დაადგინა, რომ 44 წლის ოპოზიციონერი წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩეს 15 თებერვლამდე, როგორც ეს წინა სასამართლომ დაადგინა.
ნავალნი 17 იანვარს დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში, მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მკურნალობდა რუსეთში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო. მოწამვლისთვის ნავალნი რუსეთის ხელისუფლებას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს.
შერემეტიევოში მისი დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელმაც დაადგინა, რომ ნავალნი პატიმრობაში უნდა იმყოფებოდეს, სანამ მეორე სასამართლო გადაწყვეტდეს მის ბედს.
ნავალნის დაკავებას და წინასწარ პატიმრობაში მოთავსებას მოჰყვა უკანასკნელ წლებში ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლები მთელი რუსეთის მასშტაბით. 23 იანვარს ათიათასობით ადამიანი გავიდა ათობით ქალაქის ქუჩებში. პოლიციამ 4000-მდე ადამიანი დააპატიმრა.
ნავალნის გუნდი გამოვიდა მოწოდებით, დემონსტრაციების ახალი რაუნდი გაიმართოს 31 იანვარს.