დუშეთის მუნიციპალიტეტი: ნაღვარევის ეკლესიას დანგრევის საფრთხე არ ემუქრება
დუშეთის მუნიციპალიტეტის განცხადებიდან ირკვევა, რომ ეკლესიასთან უკანონო მშენებლობა ნამდვილად დაწყებულია, თუმცა ის შეჩერებულია და ვინაიდან ეკლესიიდან "ათეული მეტრის დაშორებითაა", მისი ნგრევის საფრთხეს არ ქმნის. განცხადებიდან ირკვევა ისიც, რომ დაწყებული მშენებლობა, რომელმაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია, დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაფრთხილების საფუძველზე შეჩერდა.
"დუშეთის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ადგილზე რაიმე სახის ობიექტის მშენებლობისთვის არც ერთი კომპანიისთვის ნებართვა არ გაუცია. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის სრული შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები და ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიასთან მშენებლობა არ წარმოებს და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიის დანგრევის საფრთხის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. დუშეთის მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიას შეექმნას რაიმე საფრთხე“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ფეისბუკში 6 ივნისის საღამოს გამოქვეყნდა.
რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც, ჯამში, დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის, თაღოვანი ხიდისა და ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, მას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. არასამთავრობო სექტორი თვლის, რომ პროექტი სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო და ის განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას, შესაბამისად, მისი განხორციელება შემაშფოთებელია. პოლიტიკოსები კი ამ გზას "ახალ როკის გვირაბად" მიიჩნევენ და ასევე საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.
ამ თემაზე:
ქვეშეთი-კობის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
NGO-ები გიორგი გახარიას ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის საფრთხეებზე მიუთითებენ
დააქცევს თუ ააშენებს ახალი გზა ხადის ხეობას?
„ახალი როკის გვირაბი“ თუ უსაფუძვლო შიშები?