მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ევროპული თამაშების ჩემპიონად გამოცხადდა
გასულ ზაფხულს, მინსკში გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე იაკობ ქაჯაიამ გრიშჩანკასთან ფინალში წააგო, მაგრამ მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსი სპორტსმენი დოპინგის მიღებაში ამხილეს. ოფიციალურად ეს ყველაფერი მანამდე არ გამოცხადდა, სანამ გრიშჩანკას მოთხოვნით, დოპინგტესტი კიდევ ერთხელ არ გამოიკვლიეს.
ქაჯაიას ჩემპიონობის შესახებ, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალურად შეატყობინა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურმა მდივანმა რაფაელე პანიოციმ.
ქართულ-ბელარუსული ფინალის შედეგის შეცვლამ, მეორე ევროპული თამაშების გუნდური ჩათვლის სატურნირო ცხრილიც შეცვალა. საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ოქროს 7, ვერცხლის 9 და ბრინჯაოს 14 მედალი დაუგროვდა, ერთი პოზიციით დაწინაურდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაიკავა.