ვასაძის მხარდამჭერები გეი ფილმის ჩვენების ჩასაშლელად კახეთიდან ჩამოდიან
თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დაგეგმილია ოსკარზე წარდგენილი ლგბტ თემატიკის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ჩვენება, რომელიც ქართული ნაციონალური ანსამბლის მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
ვახო ბარბაქაძე - ლევან ვასაძის მხარდამჭერი - რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლაგოდეხის სამი სოფლიდან თბილისისკენ გზას ადგას 30 ადამიანი. მისივე თქმით, გურჯაანიდან, ყვარლიდან, თელავიდან, საერთო ჯამში, 100-150 ადამიანი შეუერთდება თბილისში ლევან ვასაძის დაგეგმილ აქტივობებს.
ლევან ვასაძე - რომელიც სხვადასხვა დროს ორგანიზებას უწევდა ანტილგბტ დემონსტრაციებს - იმუქრება შვედურ-ქართულ-ფრანგული გეი დრამის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კინოჩვენების ჩაშლით. ამავეს აცხადებს სანდრო ბრეგაძის ჰომოფობიური ჯგუფი „ქართული მარში“ და გურამ ფალავანდიშვილი. ფილმის ჩვენება მიუღებლად მიაჩნია საქართველოს საპატრიარქოსაც.