გერმანია და საფრანგეთი უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მოწოდებით გამოვიდნენ
„ჩვენ ვაპირებთ ვისარგებლოთ მომენტით, რათა განვაახლოთ მინსკის სამშვიდობო პროცესი, რადგან დღეისათვის ჩვენ ვიმყოფებით ჩიხში, რაც დაუშვებელია“, - განაცხადა კიევში ჰეიკო მაასმა, რომელმაც დასძინა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ იგი დარწმუნდა, რომ მშვიდობის მიღწევა აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლებელია.
გერმანია და საფრანგეთი თანამომაწილეები არიან ე.წ. მინსკის სამშვიდობო პროცესისა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სამშვიდობო მაგიდის გარშემო უკრაინისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკება, რაც მიზნად ისახავდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტებთან სამხედრო კონფლიქტის დასრულების გზების ძიებას.
2014 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ სეპარატისტებს შორის სულ ცოტა 13 ათასი კაცის სიცოცხლე შეეწირა. ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მინსკის 2014 წლის სექტემბრის და 2015 წლის თებერვლის შეთანხმებათა მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში მოკონფლიქტე მხარეებს შორის კვლავ გრძელდება საბრძოლო შეტაკებები.