ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ ფოთის პორტის შესახებ ტექნიკური ბრძანება გაიცა
„მე არც გამოვრიცხავ, რომ ეს რაღაც ტექნიკური ბრძანებაა, რომელიც შესაძლოა არც იყო არავისთან შესათანხმებელი. გრიგოლ კაკაურიძე საკმაოდ დიდი სააგენტოს უფროსი იყო და მას თავისი უფლებამოსილებები ჰქონდა. თუმცა, მე არ ვიცი რაზეა ლაპარაკი. მინისტრის გარდა მაგას კიდევ ჰყავს კურატორი მინისტრის მოადგილე, ვისაც პირდაპირ ექვემდებარება, მინისტრის მოადგილემაც არ იცოდა?“- განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ქუბულიამ.
მისი ინფორმაციით, დეტალებით დაინტერესდა, თუმცა, უშედეგოდ სცადა კაკაურიძესთან დაკავშირება. ყოფილი მინისტრის განცხადებითვე, გრიგოლ კაკაურიძე გამოცდილი და წესიერი ადამიანია.
29 მაისს საღამოს, კომპანია „ეიპიემ ტერმინალი ფოთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიიღო ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა. ამას მოჰყვა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერების საფრთხის წინაშე დადგა.
30 მაისს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უარყო, რომ გაცემული იყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა. თურნავას განცხადებით, რეალურად საუბარია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტზე, რომელიც მთავრობასთან შეუთანხმებლად და ამასთან, პროცედურული დარღვევები გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით. მინისტრმა თქვა, რომ დოკუმენტი გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
30 მაისს საღამოს, კაკაურიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „აიპიემ ტერმინალის“ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების გადაწყვეტილება მან მიიღო, ეკონომიკის მინისტრი საქმის კურსში არ ჩაუყენებია, თავად ბრძანებას კი გარკვეული ხარვეზები ჰქონდა.