ავტორიტეტიან რუსულ გამოცემას ემუქრებიან
„ცილისწამება ჩვენი დროის საშიში იარაღია. ცილისწამება და „ფეიკები“ იწვევს ომებს, მკვლელობებს და თავდასხმებს საზოგადო მოღვაწეებსა და ჟურნალისტებზე. ადამიანებს, რომლებმაც სოციალურ ქსელებში გააჩაღეს კამპანია „ნოვაია გაზეტას“ წინააღმდეგ, შესანიშნავად ესმით, რას იწვევს ეს ყველაფერი ისტერიკის და სიძულვილის ატმოსფეროში, რომელმაც რუსეთში უსაზღვრო სიმაღლეს მიაღწია. განსაკუთრებული საზიზღრობაა, როცა „სახალხო აღშფოთების ტალღის“ საფუძველია აშკარა ტყუილი“ - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში.
„ნოვაია გაზეტა“ აღნიშნავს, რომ გავრცელებული ცნობები, თითქოს გამოცემამ გაასაჯაროვა სირიაში მებრძოლი რუსი მფრინავების ვინაობა და ამით მათ ოჯახებს საფრთხე შეუქმნა, სიცრუეა, რადგან მსგავსი პუბლიკაცია არ ყოფილა არც გაზეთში და არც ინტერნეტსაიტზე. „ნოვაია გაზეტა“-ს განცხადებითვე, კარგად იცის, საიდან მომდინარეობს მუქარა და ამის მოთმენას არ აპირებს. „ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი იარაღი - საჯაროობა და კანონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები ვალდებულნი არიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ კანონმა დაგვიცვას“ - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი დენის კოროტკოვი, რომელსაც სამგლოვიარო გვირგვინი დაუტოვეს, ჯერ კიდევ გამოცემა „ფონტანკა“-ში მუშაობისას იკვლევდა პრეზიდენტ პუტინის პირად მზარეულად წოდებული ბისზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის ბიზნეს-იმპერიის და რუსული კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობას. „ნოვაია გაზეტა“-ს ინფორმაციით, დენის კოროტკოვის წინააღმდეგ სიცრუეს ავრცელებს პრიგოჟინის „ტროლების ფაბრიკა“ და არაერთხელ დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებითაც, რომლის გამო ჟურნალისტი იძულებული გახდა რუსეთიდან გარკვეული დროით წასულიყო. გამოცემის განცხადებით, დენის კოროტკოვი „ნოვაია გაზეტა“-ში მუშაობს სექტემბრიდან, 15 ოქტომბერს, კი პრიგოჟინთან კავშირის მქონე ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატიები, სადაც ჟურნალისტი მოხსენიებულია სამშობლოს მოღალატედ და ტერორიზმის ხელშემყობად.