ადვოკატთა ასოციაცია პასუხობს კრიტიკას სმითების მკვლელობაში ბრალდებულის ყოფილი ადვოკატისადმი
ადვოკატ დავით გირგვლიანის გადაწყვეტილებით საზოგადოებაში გამოწვეული კრიტიკის გამო განცხადება გაავრცელა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. მისი განმარტებით, დაუშვებელია ადვოკატის მხრიდან დაცვის უფლების განხორცილებაზე უარის თქმა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როცა ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი, პოზიციების შეუთანხმებლობა, ან მხარეთა შორის ნდობა აღარ არსებობს. „შესაბამისად, როცა უცნობია საადვოკატო დახმარების შეწყვეტის რეალური მიზეზები და ამასთან, თავად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრთა მხრიდან ადვოკატის მიმართ პრეტენზიები არ გამოთქმულა, მიუღებელია ადვოკატის ზღვარგადასული კრიტიკა, მაშინ, როცა ადვოკატი მოკლებულია შესაძლებლობას დაასახელოს მისი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე“ - ნათქვამია „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებაში.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხადის ხეობაში 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. შსს-მ 9 ივლისს განაცხადა, რომ დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული მ.კ.