ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე ახალი კადრები გავრცელდა
„მთავარი არხმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელიც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმის დღესაა გადაღებული და რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადასცემს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა შეიარაღებულ პირს თანხას. ვიდეოში ისმის მათი დიალოგიც.
„შემოიტანე ფული აქ. დავდო? აჰა, ძმაო. ამოვიღო? ამოიღე. ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი. გთხოვ, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას“, - ისმის ვიდეოში და კადრებშიც ჩანს, როგორ შემოაქვს პირს ჩანთა. შეიარაღებული თავდამსხმელი კი მას თავზე ადგას.
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ვინაობა, ვინც მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 ამერიკული დოლარი მოითხოვა, მიიღო და მიიმალა, ჯერ უცნობია. საზოგადოებისათვის უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება.
შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში 43 მძევალი 21 ოქტომბერს აიყვანა. სპეცოპერაცია მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და იმით დასრულდა, რომ მან მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა, ბოლოს კი ოთხ მძევალთან ერთად, რომელთა შორისაც იყო თავად ავთანდილ გალდავა (რომელიც მძევლების ნაწილს ჩაენაცვლა), ბანკის შენობა დატოვა.
თავდამსხმელი ბანკის მიმდებარე ტერიტორიიდან ამ პირებთან ერთად მანქანით წავიდა და, როგორც ცნობილია, მათ სამართალდამცავები არ გაჰყოლიან. თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, თავად მიიმალა და ის ამ დრომდე არ უპოვიათ.