მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე გარე სივრცეებშიც
„გარეთ, თავშეყრის ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ., პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა 24 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ.
„საქართველოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა, ისევე, როგორც მსოფლიოში და ეს ზრდა გაგრძელდება. გუშინ მკაცრი რეკომენდაცია გავეცით საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში პირბადის ტარების შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს რეკომენდაცია შეასრულონ. ამ მხრივ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არის შეუსრულებლობის შემთხვევებიც, ამიტომ, იმისთვის, რომ ინფიცირების გავრცელების შენელება მოხდეს, მაქსიმალურად უნდა ვატაროთ პირბადე არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
24 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში ინფიცირებულია 26 503 ადამიანი.