ტოკიოს ოლიმპიადის ქართულ განაცხადს ოთხი ძალოსანი დაემატა
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი სპორტსმენით გაემგზავრება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს რაოდენობა, ოლიმპიადის მონაწილე თითოეული ქვეყნისთვის დაწესებული ქვოტის მაქსიმუმია.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის თანახმად, მომავალი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები აქამდეც განაღდებული ჰქონდა საქართველოს ნაკრების სამ სპორტსმენს: მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს და მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს (+109 კგ) და ევროპის ჩემპიონებს - შოთა მიშველიძესა (61 კგ) და ანტონ პლესნოის (96 კგ). ახლა ამ სამეულს დაემატა ევროპის პრიზიორი გოგა ჩხეიძე (67 კგ). ძალოსნები ოლიმპიურ თამაშებში 24 ივლისიდან ჩაებმებიან და მედლების ბოლო კომპლექტი ამ სახეობაში 4 აგვისტოს გათამაშდება.
ოლიმპიადის დაწყებამდე ხუთი კვირით ადრე, საქართველოს ოფიციალურად დადასტურებული ცხრამეტი ლიცენზიანტი სპორტსმენი ჰყავს. ძალოსნების გარდა, ტოკიოში გაემგზავრებიან: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), ავთანდილ კენჭაძე, ელიზბარ ოდიკაძე, გენო პეტრიაშვილი (სამივე თავისუფალი ჭიდაობა), რამაზ ზოიძე, ლაშა გობაძე, გიორგი მელია, იაკობ ქაჯაია (ოთხივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), სახილ ალახვერდიევი, ესკერხან მადიევი, გიორგი ხარაბაძე (სამივე კრივი), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა) და გოგიტა არქანია (კარატე). ამ ჩამონათვალს უახლოეს მომავალში დაემატებიან ძიუდოს, ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და სპორტის კიდევ რამდენიმე სახეობის წარმომადგენლები.