ეპისკოპოსი იაკობი პანსიონში სახალხო დამცველის შეშვების საკითხზე: ჯერ ადრეა ამაზე საუბარი
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახლად დანიშნული დირექტორი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი სამომავლო გეგმების შესახებ ლაპარაკობს. მას სახალხო დამცველის შეშვების საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
„მეუფე სპირიდონი აპირებდა იმის გაკეთებას, რაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. ერთ წელიწადში დაახლოებით რეორგანიზაცია ხდებოდა. რაც იყო, გავაგრძელებ იმ საქმეს და ვფიქრობ, რომ ხარისხიანადაც გავაკეთებთ. მსოფლიო მიდის მაგ გზით. საერთოდ, სადაც დიდი დაწესებულებაა - ეს იქნება სკოლა, სკოლაში ხომ არის ბულინგი? სიმართლე ვთქვათ, იქაც ხომ არის უფროს-უმცროსობა. რუსის ჯარი როცა იყო, „დედოვშჩინას“ რომ ეძახდნენ, მსოფლიოს ყველა ჯარშია, ხო მაგი, ებრძვიან, მაგრამ ვერ უმკლავდებიან. მცირე-მცირე საოჯახო რომ იქნება, იქაც დაზღვეული არ ხარ, მაგრამ მეტად დაზღვეული ხარ“, - თქვა მან.
ეპისკოპოსის განცხადებით, პანსიონში დარჩება იმდენი ბავშვი, რამდენიც ამას მოისურვებს. „რამდენსაც ენდომება დარჩენა, იქნება იმდენი, ჩვენ ხო მოძალადეები არ ვართ. დაიცალოს ახლავე,, თუ ვისაც უნდა ყოფნა იყოს და მერე როცა მოხდება სახეცვლილება, იმაში მოხვდნენ“, - აღნიშნავს ის და ამატებს, - „სოციალური მუშაკები სულ მათთან არიან, სულ დაკვირვების ქვეშ არიან, მათ საუკეთესო ინტერესებს გავითვალისწინებთ“.
შეკითხვაზე, ძალადობის ფაქტებზე გაქვთ თუ არა ინფორმაცია? - პანსიონის დირექტორი პასუხობს: „ხომ ხედავთ, მოვედი ახლა, მე არ ვარ დახურული ადამიანი, თუ რამე შეცდომა იქნება, ჩემ შეცდომაზე ვსაუბრობ ხოლმე... თქვენ რა გგონიათ, უნდა დავმალო რამე?“
რაც შეეხება პანსიონში სახალხო დამცველს შესვლის საკითხს, ეპისკოპოსი აცხადებს: „მე ახლა შემოსული ვარ, სიტუაციას გავეცნო. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, გავეცნობი სიტუაციას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებიც იყვნენ შემოსულები და კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო, არ ვიცი. ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამაზე ვიდავებთ“.
შეკითხვაზე, წარმოგიდგენიათ, ევროპაში რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუციაში არ შეუშვან სახალხო დამცველი? დირექტორი ასე პასუხობს: „მე ის არ წარმომიდგენია, ჩვენთვის, საპატრიარქოსთვის არ მოემართათ და ჟურნალისტებისა და ტელევიზიიდან გამეგო ეს ამბები. რატომ არ მოგვმართეს? რა გული გაქვს, რომ ამდენი წელი რაღაც ფაქტებია და არ ამბობ“.
ჟურნალისტის რეპლიკას: „მარტივად შეიძლება ამ ვნებათაღელვის დასრულება, თუ შემოუშვებთ ნინო ლომჯარიას“, ეპისკოპოსი ეხმაურება: „თვითონ არ ღელავს ისე, როგორც თქვენ ღელავთ. რატომ ღელავთ? თუ ღელავს, მეტყვის თვითონ“.
პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. როგორც ის ამბობს, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საკუთარი გადაწყვეტილებით ეპარქიაში დაბრუნდა.
13 ივნისს საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო ახლა მუშაობს „ოჯახების მოძიებაზე“ და ასევე „ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია“.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.
ნინოწმინდის პანსიონატიდან მოზარდების გაყვანის პროცესი 4 ივნისიდან მიმდინარეობს. 14 ივნისის მონაცემებით, პანსიონატიდან გაყვანილია 30 მოზარდი. პანსიონატში 23 ბავშვი რჩება.
ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.
გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
რა ფორმას მიიღებს პანსიონატი, გარდაიქმნება თუ არა ის საოჯახო ტიპის სახლად, სადაც მცირე რაოდენობის, მაქსიმუმ 8-10 ბავშვი იცხოვრებს, ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი არ არსებობს. ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, საპატრიარქო, გაეროს ბავშვთა ფონდი და World vision-ი პანსიონატის გარდაქმნის სტრატეგიაზე ერთობლივად მუშაობენ.