"ახლა ჯერი მთავრობაზეა" - ლინა ღვინიანიძე "ნამახვანჰესზე"
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შეაჯამა ნამახვანჰესის საკითხზე 12 ივნისს გამართული შეხვედრის დეტალები და იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც, მისი სიტყვებით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
ლინა ღვინიანიძე წერს, რომ მედიაციის წინაპირობებად დასმული იყო სამი საკითხი: 1. რკინის ბარიკადების მოხსნა და ხეობაში შესვლის თავისუფლება, ამ რაოდეობის პოლიციის გასვლა ხეობიდან და რეპრესიის შეწყვეტა 2. პროტესტის დაბრუნება სოფელ ნამოხვანში პირვანდელ ადგილზე და 3. ხეობაში მიმდინარე სამუშაოების სრულად შეჩერება ჰესის საკითხის გადაწყვეტამდე.
შეხვედრის შედეგად კი შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. პარასკევამდე მთავრობა იტყვის, დააკმაყოფილებს თუ არა პირველ ორ პირობას: გაიყვანს თუ არა ამ რაოდენობის პოლიციას ხეობიდან, მოხსნის თუ არა ხეობის ბლოკირებას და მისცემს თუ არა პროტესტს ნამოხვანში გადანაცვლების შესაძლებლობას;
2. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა ხეობაში სამუშაოების შეჩერებაზე.
3. მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართება მედიაცია, რომელიც ნამახვანჰესის პროექტის ყველა საკითხს შეეხება, მათ შორის, ხელშეკრულებების პირობებს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
ლინა ღვინიანიძე წერს, რომ შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ხეობაში საპოლიციო რეპრესიებს და მათი მხარდამჭერების დევნის და უკანონო დაკავების შემთხვევებს. ასევე დადგა ხეობაში მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივი ინსპექტირების საკითხი მთავრობის მხრიდან, რაც უახლოეს ვადებში უნდა განხორციელდეს.
„ასევე შეთანხმდა, რომ მთავრობა ვალდებულია წარმოადგინოს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უნდა შემუშავდეს. ეს იმის ცხადი აღიარება იყო, რომ სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია და ამ პირობებში აშენებს გიგანტურ ჰესებს.
შეხვედრას უნდა დასწრებოდა კომპანია „ენკა“, რომელიც ამდენი თვეა ყველა ეთერში მარტო იმას ამბობს, რამდენად უნდა და მზად არის დიალოგისთვის. „ენკა“ შეხვედრაზე არ მოვიდა.
შეხვედრას ასევე გაურკვეველი მიზეზით არ დასწრებია შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი წარმომადგენელი“, - წერს ლინა ღვინიანიძე.
12 ივნისს, 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა ნამახვანჰესის საკითხზე, ჰესის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს მონაწილეობით.
საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.
დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ არ გაგრძელდეს მშენებლობა, სანამ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი.
ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.