ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი
ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი. საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო განიხილავს.
ზაზა გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის ინფორმაციით, მან ცხინვალელი ადვოკატისგან რამდენიმე დღის წინ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროცესი დღეს, 18 იანვარს იყო ჩანიშნული. როგორც ირმა ბუთხუზმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ოჯახში ახლა ამ პროცესის დასრულებას და ადვოკატის ზარს ელოდებიან.
ოჯახთან ადვოკატის დაკავშირების შემდეგ ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე შეუძლოდ გახდა. მას გული აწუხებს. სოფელში სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოიძახეს. მიხეილ გახელაძე ახლა თავს უკეთესად გრძნობს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.
დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე მეორედ გაუგრძელეს. გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას.
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. ეს საკითხი დეკემბერში განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდზეც, მანამდე კი, ნოემბრის ბოლოს - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.