ბათუმში აქცია გრძელდება
ამ წუთებშიც აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციაა მობილიზებული. ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგს აპროტესტებს, კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს თორნიკე რიჟვაძისგან ითხოვს.
აქციიდან ორი ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც.
“როგორც კი ყურადღება სხვა მხარეს გადავა, ადამიანებს იპარავენ და სცემენ. ჩემი თვალით ვნახე, როგორ დაარტყა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა ერთ ადამიანს და დააგდო,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ინფორმაციით კი, ორივე დაკავებული ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს.
დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი და მხარდამჭერი ირაკლი ჩხვირკია. პოლიციამ მათ საპროტესტო ბუშტების გაშვების შესაძლებლობა არ მისცა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
“ჰომოფობ თორნიკე რიჟვაძეს ბუშტების ეშინია, ჩვენ სიმბოლურად გამოვაკარით მისი პოსტერი, სადაც ჩანს თუ როგორ ხეთქავს თორნიკე რიჟვაძე ბუშტებს. მას ეშინია ბუშტების და გვიხეთქავს. მე მინდა მივმართო მას, ნუ ეშინია ბუშტების, არ არის ბომბი ეს რომ რამე დაუშავოს, ჩვეულებრივი უწყინარი ჰელიუმის ბუშტებია,” – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ბაჩი მექვაბიშვილი.