თბილისი აფხაზეთის დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესახებ პროგრამის დამტკიცებას
რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადების თანახმად, პროგრამა ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას.
„რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
12 ნოემერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შორის შეხვედრის შედეგად ოკუპირებული აფხაზეთის მიერ რუსეთთან ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცების შესახებ ინფორმაცია დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა 23 ნოემბერს.