აშშ-ის საერთო შიდა პროდუქტი 2020 წლის მესამე კვარტალში სარეკორდოდ გაიზარდა
აშშ-ის საერთო შიდა პროდუქტი 2020 წლის მესამე კვარტალში 33%-ით გაიზარდა წლიური გაანგარიშებით. ეს სარეკორდო მაჩვენებელია სტატისტიკის წარმოების მთელი ისტორიის განმავლობაში, რომელიც 1947 წელს დაიწყო. ამას მოწმობს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წინასწარი ანგარიში.
ოთხ თვეში აღდგა მანამდე განცდილი ვარდნა, რომელიც ასევე სარეკორდო იყო და 31,4% შეადგინა. კვარტლების შედარების შემთხვევაში ზრდამ 7,4% შეადგინა მეორე კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში კი პირველთან შედარებით 9% ვარდნა იყო. ამგვარად, ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტი მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო.
ეკონომიკის აღდგენას ხელი შეუწყო უპრეცედენტო მოცულობის დახმარებამ სახელმწიფოს მხრიდან. The Washington Post-ის შეფასებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფინანსურ მხარდაჭერაზე 6 ტრილიონამდე დოლარი დახარჯა.
სააგენტო Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ეს ზომები არ იყოს საკმარისი, თუკი კორონავირუსის კრიზისი გაგრძელდება. აშშ-ში გრძელდება COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვის ზრდა, რაც მოქმედი საწარმოებისთვის შეზღუდვებს იწვევს.
ოქტომბრის შუა რიცხვებში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზი და ამჟამად 2020 წელს 4,4%-ით მატებას მოელიან, 2021 წელს კი - 5,2%-ით მატებას.