ზურაბიშვილი: ახლაა დრო ხელახლა დავფიქრდეთ იმ მომავალზე რომელიც პლანეტისათვის გვსურს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტს სიტყვით დისტანციურად მიმართა. „ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით", - თქვა ზურაბიშვილმა. მისი შეფასებით, ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა.
„COVID - 19-ს პანდემიამ მხოლოდ განამტკიცა ჩვენი აღქმა, რომ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება და დისბალანსების გამომწვევი კლიმატური ცვლილებები და რომ პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა", - მიიჩნევს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ათასობით ენდემური ჯიშითა და ასი ათასობით ჰექტარზე გადაჭიმული დაცული ტერიტორიით. „ზურმუხტის ქსელის“ მეშვეობით, რომელსაც ახლახან შევუერთდით, ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20% წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას", - თქვა პრეზიდენტმა.
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მისთვის პატივია, საქართველოს სახელით შეუერთდეს „ლიდერთა მოწოდებას ბუნებისათვის“ და ხაზგასმით აღნიშნავს, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით გაზრდილ ძალისხმევაში საქართველოს ჩართულობას.
„სწორედ ახლაა დრო, ხელახლა დავფიქრდეთ იმ მომავალზე, რომელიც ჩვენი პლანეტისათვის გვსურს სამი ძირითადი მიმართულებით.
პირველ რიგში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინტეგრირება მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული თუ ხელისუფლება, კერძო სექტორი და საზოგადოების თითოეული ნაწილი მასში მონაწილეობას მიიღებს. განათლების როლი ამ შემთხვევაში უდიდესია. ჩვენ მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი საერთო მისიაა.
მეორე - ჯანმრთელი გარემო საჭიროა არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისათვის, არამედ ანალოგიურად ადამიანთა კეთილდღეობისთვისაც. მრავალი ფუნდამენტური კავშირი არსებობს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნების ჯანმრთელობას შორის და ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგმა ასეთი კავშირები უნდა აღმოაჩინოს. ეს შესაძლოა დაგვეხმაროს, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებულები პოტენციური მომავალი პანდემიებისთვის და გამოვიყენოთ „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპი ყველასათვის.
ბოლოს, ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური პოტენციალის წამოწევა: ჩვენ ინტეგრირებული მომავლისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ, სადაც ბიომრავალფეროვნებისგან მიღებული ეკონომიკური სიკეთე განვითარების შედეგებში აისახება. ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ მიერ ბიომრავალფეროვნებისათვის გაღებული დანახარჯები ფუჭი არაა. ეს მეტად მდგრად ეკონომიკასა და უფრო ჯანსაღ მომავალში ჩადებული ინვესტიციაა", - აცხადებს ზურაბიშვილი.