მედია-კლუბი „ქართულ ოცნებისგან“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
მარნეულის 29 სექტემბრის ინციდენტზე „საქართველოს მედია-კლუბი“ „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობის აღებისკენ და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ამირან გიორგაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს:
„როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მას და მამამისს ფიზიკურად სწორედ გიორგაძე და მისი თანმხლები პირები გაუსწორდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებითაა მოთავსებული. გიორგაძეს ადანაშაულებს, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის „2020“-ის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძეც.
ჩვენი ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ასევე რამდენჯერმე დაფიქსირდა ამირან გიორგაძის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტიც“, - აღნიშნულია „საქართველოს მედია-კლუბის“ განცხადებაში. განცხადების თანახმად, რადგან ამირან გიორგაძე პოლიტიკურ თანამდებობაზე ქართული ოცნების მარნეულის საკრებულოში ქართული ოცნების უმრავლესობის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა, სწორედ უმრავლესობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს:
„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის მეშვეობით, დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან. ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისთვის, რათა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ დაუშვას ძალადობა და უკანონო ქმედებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არჩევნების სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე განცხადებით მედია კლუბი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტურად და ოპერატიულად გამოიძიოს მარნეულის 29 სექტემბრის ინციდენტი.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში 29 სექტემბერს ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ.
ამავე დღეს მოგვიანებით მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს, „მთავარი არხის“ კორესპონდენტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორს, ასევე პირველი არხის ოპერატორს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ლაშა ქველაძეს და მის მამას.
გამოძიება საქმეებზე ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით მიმდინარეობს.
მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.