კრემლმა გააკრიტიკა ევროკავშირი, რომელიც ლუკაშენკას არ ცნობს ლეგიტიმურ პრეზიდენტად
რუსეთმა გააკრიტიკა ევროპის კავშირის გადაწყვეტილება, არ აღიაროს ალიაქსანდრ ლუკაშენკა ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ქვეყნის საშინაო საქმეებში ირიბი ჩარევის ტოლფასია.
ლუკაშენკამ, რომელიც 1994 წლიდან არის ბელარუსის პრეზიდენტი, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, 23 სექტემბერს საიდუმლო ცერემონიის დროს დადო საპრეზიდენტო ფიცი.
ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ ხმების დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც, ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანახმად, გაყალბებული იყო. თავად ლუკაშენკა უარყოფს დარღვევებს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 25 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლუკაშენკას პრეზიდენტად არ აღიარების შესახებ გადაწყვეტილება გაართულებს დიალოგს ევროკავშირსა და ბელარუსს შორის და არანაირად არ იმოქმედებს მოსკოვის ურთიერთობებზე მინსკთან.
არჩევნების შემდეგ მოსკოვმა ლუკაშენკას დახმარება აღმოუჩინა მილიარდნახევარი დოლარის ოდენობის სესხით და შესაძლო სამხედრო დახმარებით, მათ შორის პოლიციის ბრიგადით.
პესკოვის კომენტარებს წინ უსწრებდა ევროკაშირის საგარეო ურთიერთობების ლიდერის ხელახალი განცხადება, რომ ბლოკი არ აპირებს ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად ლუკაშენკას აღიარებას. აშშ-მაც განაცხადა, რომ არ აღიარებს ლუკაშენკას.