მინსკში სპეცრაზმმა შეუტია საპროტესტო აქციას, რომელიც იმართებოდა ლუკაშენკას მიერ ფიცის დადების გამო
მინსკში სპეცრაზმის წევრებმა ხელკეტებით და წყლის ჭავლით შეუტიეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მეექვსე ვადით დადო ფიცი, მიუხედავად მისი გადადგომის მოთხოვნით უკვე ექვსი კვირაზე მეტხანს მიმდინარე, უპრეცედენტო აქციებისა.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, სპეცრაზმი და მილიციელები მოქალაქეებს აკავებენ სავაჭრო ცენტრებში და ქუჩებში. ქალაქი სავსეა ჯავშანტექნიკით და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით, მოქალაქეები სკანდირებენ ლოზუნგს "წადი!".
მინსკში რჩება აქციების ცალკეული კერები, საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა ასევე გროდნოში, ვიტებსკში, ბრესტში და სხვა ქალაქებში
"ჩვენს სახელმწიფოებრიობას მოუწია შეჯახება უპრეცედენტო გამოწვევასთან, ის ეფუძნება მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებს, რომელთა მიზანია დამოუკიდებელი სახელმწიფოების განადგურება" - განაცხადა ლუკაშენკამ, რითიც მიანიშნა თავის უწინდელ სიტყვებზე, რომ დასავლეთის ქვეყნები რევოლუციას ამზადებენ.
ოპოზიცია, რომელსაც ხელმძღვანელობს უცხოეთში მყოფი სვეტლანა ციხანოუსკაია, აცხადებს, რომ არასოდეს აღიარებს არჩევნებში ლუკაშენკას "გაყალბებულ" გამარჯვებას და გამოდის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის და უვადო საპროტესტო აქციების მოწოდებებით. ციხანოუსკაიამ დასძინა, რომ ის არის "ერთადერთი ლიდერი, რომელსაც ბელარუსი ხალხი აღიარებს".
ბელარუსის არმიამ ერთგულება ლუკაშენკას აღუთქვა - იუწყება სახელმწიფო მედია.
დანია, ლატვია, ლიტვა, გერმანია, სლოვაკია, ჩეხეთი და ესტონეთი აცხადებენ, რომ ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მოსკოვში, რუსეთის პრეზდიენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარი განაცხადა ესაუბრა ლუკაშენკას ინაუგურაციაზე და თქვა, "თუკი მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს აჩვენებს, რომ ამას გონივრულად მიიჩნევდნენო".