რომის პაპი ფრანცისკე: ღმერთს უყვარს თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც არიან
რომის პაპმა ფრანცისკემ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ლგბტ საზოგადოებისკენ, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში უარყოფდა კათოლიკური ეკლესია და მის მიერ აღიქმებოდა როგორც სერიოზული პრობლემა, რომლის მოგვარებაც აუცილებელი იყო.
83 წლის პონტიფიკოსმა, ვატიკანში, ლგბტ-ების ნათესავების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მშობლებს მიმართა:
“ღმერთს უყვარს თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც არიან”.
იტალიური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პონტიფიკოსმა აღნიშნული ჯგუფის დამფუძნებლის, მარია გრასის პრეტენზიებსაც მოუსმინა. მარია გრასმა აღნიშნა, რომ ასეთ ოჯახებს ეკლესიის მხრიდან ბევრი წინააღმდეგობა ეღობებათ. მან, ასევე, გამოთქვა სურვილი შეიქმნას “ხიდი ეკლესიისკენ”, რომელიც ხელს შეუწყობს ლგბტ-ს წარმომადგენლების მიმართ დოგმატური ტრადიციებისგან ეტაპობრივ გათავისუფლებას.
“ეკლსია მათ არ გარიყავს, რადგანაც ისინი უყვარს”, განუცხადა პაპმა მარია გრასს.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პონტიფიკოსის პირველი განცხადება, რაც მოწმობს ვატიკანის სურვილს, მიიღოს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები კათოლიკური ეკლესიის წიაღში. რომის პაპმა ფრანცისკემ ადრე თქვა, რომ კათოლიკებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ლგბტ ადამიანებს მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის გამო.
ამავე დროს, პაპის პოზიცია ამ თემაზე კვლავ ორაზროვანი რჩება: ტოლერანტული განცხადებების პარალელურად, ის ასევე აკრიტიკებს ლგბტ-ს წარმომადგენლებს.