პაატა იმნაძე: კორონავირუსს ვერ გააქრობს ვერავინ
კორონავირუსს ვერ გააქრობს ვერავინ, საქართველო დედამიწაზეა და ვიდრე დედამიწაზე იქნება, საქართველოშიც ვერ გააქრობ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„მარტივი წესები დარჩა შესასრულებელი – ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა. რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა ვმართოთ სიტუაცია, მე მესმის, რომ ყველა ექსპერტი საქართველოშია – ჩემს ახალგაზრდობაში ფეხბურთის ექსპერტი იყო ყველა და ახლა ყველა ყველაფრის ექსპერტია, მათ შორის, კორონასი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე განმარტებით, მსოფლიოში კრიტიკულად მიიჩნევა, თუ ჩატარებულ ტესტირებებში 5%-ზე მეტ ადამიანს კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდა. იმნაძის თქმით, საქართველოში ეს მაჩვენებელი ახლა მიუახლოვდა 2%-ს.
„რაც შეეხება ტესტირებას, ხომ არ შეიძლება ბეღურების გუნდი რომ მოფრინავს, იმას ესროლო ბალისტიკური რაკეტები, საფანტიანი თოფი უნდა გქონდეს. აქედან გამომდინარე, ელემენტარული რაღაცებია, უმრავლეს ქვეყნებში ითვლება კრიტიკულად, როდესაც 5%-ზე მეტია ტესტირებულებში გამოვლენის შემთხვევები, ე.ი. ტესტები უნდა მოუმატო. ჩვენ მთელი ეს პერიოდი ტესტირებებში დადებითების პროცენტი სადღაც 1%-ზე ნაკლები გვქონდა, ახლა სადღაც 2 %-ს მივუახლოვდით. ასე რომ, ტესტირება გაიზარდა მაშინ, როცა საჭირო იყო.“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.