ახალციხეში ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
ახალციხეში ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მერია რეკრეაციული ზონის მოწყობას გეგმავს. ინიციატივა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება.
„იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარდასაქმნელად საერთო კონცეფციის შემუშავება, აქ არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის მიზნით მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო დახმარების გაწევა და აღნიშნული ტერიტორიის მულტი-ფუნქციურ რეკრეაციულ სივრცედ მოწყობა“,- ინფორმაციას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ავრცელებს.
GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელმა კრისტოფ ბაიერმა და ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი.
„ახალციხეში წლების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილი და გავერანებული სამხედრო ბაზა მნიშვნელოვნად აფერხებს ქალაქის განვითარებას. გასულ წელს ყოფილი ბაზის ტერიტორიის ნაწილი ახალციხის მუნიციპალიტეტს გადმოეცა. გვინდა სწორად მოვახდინოთ ამ ტერიტორიის ინტეგრირება ქალაქის ურბანულ სისტემაში, რაც ბიძგს მისცემს ქალაქის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან“, - განაცხადა ზაზა მელიქიძემ.
რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში 2007 წელს გაუქმდა, ამ წლის 24 მაისს საქართველო დატოვა რუსეთის სამხედრო ტექნიკით დატვირთულმა ბოლო ეშელონმა.