ცხინვალში წითელმა ჯვარმა ზაზა გახელაძე მოინახულა - ოჯახი ელოდება მის გამოგზავნილ წერილს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა 8 სექტემბერს იზოლატორში მოინახულეს სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში გახელაძეს ოჯახის მიერ ივლისში დაწერილი ბარათი გადასცეს და უკან საპასუხო წერილიც გამოიტანეს. წერილს ოჯახს ხვალ გადასცემენ. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაკავებულის ცოლმა ირმა ბუთხუზმა მიაწოდა.
თითქმის ორი თვის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობდა ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონახულებას. რამდენიმე დღის წინ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლები დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, შეხვდნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პატიმრების მონახულება. ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ წითელი ჯვრის წარმომადგენლები ჯერ ხვიჩა მღებრიშვილთან შეუშვა, დღეს კი ზაზა გახელაძის მონახულების საშუალებაც მისცა.
ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს და დააკავეს. ამის შემდეგ ის ჯერ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან კი ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძეს ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.