ჰაიკო მაასმა პირველად ახსენა "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ნავალნისთან დაკავშირებით
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა რუსეთს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კონკრეტული ზომები მიიღოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის გამოსაძიებლად. გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თუკი მოსკოვი გააგრძელებს „ბუნდოვან განცხადებებს“, მაშინ ეს ბერლინისთვის იქნება დანაშაულში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის დადასტურება.
ასეთ შემთხვევაში, მაასის თქმით, გერმანია „იძულებული გახდება ამოვიდეს იქიდან, რომ რუსეთს რაღაც აქვს დასამალი“ - და ის გამოვა შესაძლო რეაქციის თაობაზე თავის პარტნიორებთან ერთად მსჯელობის ინიციატივით. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ ახსენა, რომ საქმე შეიძლება შეეხოს სანქციებს, რომლებიც, მაასის აზრით, მიზნობრივი უნდა იყოს.
მაასმა ასევე ახსენა, რომ მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან, რომელიც ბუნდესვერის ლაბორატორიის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ნავალნის ორგანიზმში, ადრე გამოყენებულ იქნა სერგეი და იულია სკრიპალებზე თავდასხმისას დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, რისთვისაც პასუხისმგებლობას ბერლინი, ისევე როგორც ლონდონი, რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს.
ინტერვიუში მაასმა ნავალნის მოწამვლის კონტექსტში პირველად ახსენა პირდაპირ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. „იმედი მაქვს, რუსები არ გვაიძულებენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის შეცვლას, თქვა მან. ამასთან, მაასმა აღნიშნა, რომ ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით მოსკოვის მიმართ ზომების შესახებ დისკუსია არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ გაზსადენის საკითხით.
მაასმა არაორაზროვნად აღნიშნა, რომ ამ მომენტში გერმანია არ ემხრობა გამოსვლას გაზსადენის პროექტიდან, რომელმაც რუსეთი და გერმანია უნდა დააკავშიროს ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით (მისი მშენებლობა შეჩერებულია აშშ-ის სანქციების გამო). გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვინც პროექტიდან გასვლის მოწოდებით გამოდის, უნდა დაფიქრდეს, რა შედეგები ექნებოდა ამას მასში მონაწილე ევროპული, მათ შორის, გერმანული კომპანიებისთვის.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-დან გამოსვლის მოწოდებებით უკანასკნელ დღეებში გამოვიდა გერმანიის მთელი რიგი პოლიტიკოსებისა, მათ შორის მმართველი კოალიციიდანაც.
მაასი წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც რუსეთის მიმართ ტრადიციულად უფრო რბილ პოლიტიკას უჭერს მხარს, ვიდრე კოალიციაში მისი პარტნიორი, ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი ან ოპოზიციონერი მწვანეები.
მაასის განცხადებას მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას კომენტარი. მან ფეისბუკში დაწერა, რომ „გამოძიების პროცესს ამუხრუჭებს“ თავად გერმანია, რომელიც პასუხს არ სცემს რუსეთის გენერალური პროკურატურის შეკითხვებს ნავალნისთან დაკავშირებით. „ჯერჯერობით არ ვართ დარწმუნებული, რომ გერმანია ორმაგ თამაშს არ თამაშობს,“ დაწერა ზახაროვამ.
რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს იქნა ჰოსპიტალიზებული ომსკში, მას შემდეგ, რაც ის ცუდად გახდა ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში. პოლიტიკოსი კომაში იმყოფებოდა და ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს მიუერთეს. მოგვიანებით ნავალნი ბერლინში წაიყვანეს და მოათავსეს კლინიკა „შარიტეში“. ის უკვე 18 დღის განმავლობაში იმყოფება კომაში.
რუსეთის მხარე აცხადებს, რომ გერმანიაში ნავალნის წაყვანამდე მის ორგანიზმში არ აღმოუჩენიათ არავითარი მომწამლავი ნივთიერება. მოსკოვში აღნიშნეს, რომ კვლავაც ელოდებიან ბერლინის პასუხს რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნაზე.
ოთხშაბათს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბუნდესვერის ლაბორატორიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში ყოველგვარი ეჭვის გარეშე დადგინდა სსრკ-ში შექმნილი შხამის, „ნოვიჩოკის“ კვალი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის მთავრობას ახსნა-განმარტება მოსთხოვა ნავალნისთან დაკავშირებული ვითარების თაობაზე.