აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების შესახებ გაერო-მ მიიღო რეზოლუცია
84 ხმით, 13-ის წინააღმდეგ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 74-ე სესიის ფარგლებში მიიღო მორიგი რეზოლუცია, რომელსაც საქართველო 2008 წლიდან წარადგენს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზგასმით აღნიშნავს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
რეზოლუციის ოფიციალური სახელწოდებაა: „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტის წინააღმდეგ რუსეთის გარდა ხმა მისცა 12-მა ქვეყანამ, 78-მა კი თავი შეიკავა. 17 ქვეყნის წარმომადგენელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
გაეცანით კენჭისყრის შედეგებს:
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. სამინისტროს შეფასებით, ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.
რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.