ბათუმში კაფე-საკონდიტრო „დონას" კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდგინდა COVID-19
COVID - 19 დაუდგინდა „დონას“ ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ინფორმაცია, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს. ინფიცირებულის ცოლს, რომელიც ასევე „დონა"-ს თანამშრომელია ვირუსი ტესტირების შედეგად არ გამოუვლინდა.
კაფე-საკონდიტრო „დონა“ 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ბათუმში თვითიზოლაციაშია 50-ზე მეტი პირი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ კაფე-საკონდიტროს ინფიცირებულ თანამშრომელთან.
„დონა"-სთან დაჯავშურებულ 80 კონტაქტს PCR-ტესტი ჩაუტარეს და ხვალ, 2 სექტემბერს, გახდება ცნობილი შედეგები. კონტაქტების კვლევა გრძელდება. „დონას“ თანამშრომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ტესტირებას ურჩევს ყველა მოქალაქეს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ საკონდიტროში იმყოფებოდა. ბათუმში უფასო ტესტირება შესაძლებელია ბულვარის კოლონადებსა და არდაგანის ტბასთან, „აჭარული სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ კარვებში. გარდა ამისა, ბათუმში „ანბანის კოშკთან" დადგეს კიდევ ერთი კარავი, სადაც მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარებენ PCR-ტესტირებას.
სამთავრობო ვებგვერდის, StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართელოში კორონავირუსის 1510 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1253 და გარდაიცვალა 19 ადამიანი.